ქართული ენა

ქართული ენა
ქართული ენა
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახ. 7 მლნ.-ზე მეტი
გავრცელებულია საქართველო, ირანი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია კავკასიური ენები
ქართველური ენები
დამწერლობის სისტემა ქართული დამწერლობა
ოფიციალური სტატუსი საქართველო
ენის კოდები ISO 639-1: ka ISO 639-2: geo (B) kat (T) ISO/FDIS 639-3: kat

ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მის პარალელურად სახელმწიფო ენად აღიარებულია აგრეთვე აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 7 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენას და საერთოდ, - ქართული ენის ისტორიის შესწავლას.

მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული... დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).

  • თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა, მრავალპირიანი უღლება.
  • ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი თავის მხრივ მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.
  • ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ.წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492-493 წწ). აწ განსვენებული ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოჩენილ იქნა წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ.წ. I-II საუკუნეებით თარიღდება.

ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას, ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.

ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები - ქართლური და კახური დაედო.

თანმამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.


თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური , თარგმნითი სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა. ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი) ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.


სექციების სია

[რედაქტირება] კილოები

სამეცნიერო ლიტერატურაში წინააღმდეგობრივია საკუთრივ ქართული (სალიტერატურო) ენის დიალექტებად მიჩნეულ ერთეულთა კლასიფიკაცია; კერძოდ: გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კილოთა დაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ ჯგუფს:1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთან – მოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური.

შოთა ძიძიგური ასახელებს 5 დიალექტურ ჯგუფს: 1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.

არნოლდ ჩიქობავა ქართულ ცოცხალ მეტყველებას მთისა და ბარის მეტყველებებად ყოფს; მთის კილოებია: ხევსურული, თუშური,ფშაური, მთიულური (გუდამაყრული), მოხეური, რაჭული. მთისა და ნაწილობრივ ბარის კილოებს უკავშირდება მოზდოკისა და ყიზლარის ქართველთა მეტყველება; ბარის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურით), კახური (ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულით), იმერული (ლეჩხუმურითურთ), გურული, აჭარული, იმერხეული.

გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების ხასიათის მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს გამოყოფს: 1. გლოლური, მთარაჭული; 2. ქართლური, კახური, ქიზიყური, თიანური, ზ. აჭარული; 3. ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური, ინგილოური, ფერეიდნული; 4. ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური, ქვემორაჭული და იმერხეული; 5. ქვემო იმერული ა თუშური; 6. გურული და აჭარული.

ბ. ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა)მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი – მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა)ზემო ზონის დიალექტი – რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები – იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები – გურული და აჭარული.

ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად;

საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.

[რედაქტირება] ქართული ენა ქართულ კულტურასა და ეროვნულ ცნობიერებაში

ქართული ეროვნული სულის გამომხატველი სამების „ენა, მამული, სარწმუნოება“ პირველი ქვაკუთხედი.

„ენა, მამული, სარწმუნოება“-ს საწყისი სახე „მამული, ენა, სარწმუნოება“ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს: «სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს...»

იოანე ზოსიმე, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“:

«დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან... და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა...»

ლიტერატურა: ზვიად გამსახურდია, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“

[რედაქტირება] 1978 წლის 14 აპრილი

ქართული ენა ქართველი ერის მეობის ერთ-ერთი მთავარი გამომხატველია. ქართველობა ყოველთვის უფრთხილდებოდა‚ იცავდა და ამდიდრებდა თავის ენას‚ რის შესანიშნავ დადასტურებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ 1978 წლის აპრილის მოვლენები თბილისსა და ზოგადად მთელს საქართველოში. გარუსების დასაჩქარებლად და ერთიანი საბჭოთა ერის ჩამოსაყალიბებლად საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციიდან ამოეღო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ‚ რაც თავისთავად გამოიწვევდა რუსულის სახელმწიფო ენად დამკვიდრებას მთელს საბჭოეთში‚ რამეთუ საბჭოთა კონსტიტუციით სწორედ რუსული ენა იყო სსრკ-ის სახელმწიფო ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი ქართველი ერი.

1978 წლის 14 აპრილს‚ მაშინ როდესაც მარიონეტულ უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა სსსრ-ის კონსტიტუცია‚ რომლიდანაც „გამქრალი“ იყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ‚ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ (დღევანდელი პარლამენტი). ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ სსსრ-ის კპ-ის იმჟამინდელი გენერალური მდივანი‚ ამხანაგი ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად. ვერც დაპირებამ გაჭრა‚ ვერც მუქარამ და ვერც დაყვავებამ. სსსრ-ის კპ-ის ხელმძღვანელობამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო – სისხლისღვრა ან დათმობა‚ მაგრამ გადაწყვეტილება მოსკოვში იღებოდა. ამხ. ედ. ამ. შევარდნაძე მოსკოვის საქმის კურსში ჩასაყენებლად და მოსკოვისაგან მითითებათა მისაღებად უმაღლესი საბჭოს შენობაში შებრუნდა. დაუკავშირდა მოსკოვს‚ აცნობა შექმნილი ვითარება და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო.

ეს იყო ქართველი ერის დიდი გამარჯვება – კომუნისტური რეჟიმი იძულებული გახდა შეეცვალა გადაწყვეტილება – ქართული ენის როგორც საქართველოს (სსსრ იმჟამად) სახელმწიფო ენის სტატუსი გარანტირებული იყო კონსტიტუციით. 14 აპრილი არის ეროვნული დღესასწაული – დედაენის დღე.

მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც‚ როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე „გამქრალი“ იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.

[რედაქტირება] იხ. ასევე


ქართველური ენები
ქართული | მეგრული | ლაზური | სვანური
ქვეჯგუფი: კავკასიური ენები.

wymiana linkami SEO Tools system wymiany linków SEO Tools kreatyna Gry Online Plaza 3 star hotel Los Angeles krynica noclegi Kredyty odnawialne