საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2006 წლის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:


სექციების სია

[რედაქტირება] საქართველოს ისტორიული ქალაქების დაცვის პროგრამა;

ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის დაფარვითი ინვენტარიზაცია

ისტორიული ქალაქები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უდიდეს ნაწილს შეადგენს. მათი კომპლექსური დაცვის ეფექტური მოდელის ამოქმედება უშუალოდაა დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის საკითხებთან. ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა (2005—2006 წწ.) ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის დაფარვითი ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც შეგროვდა და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით სისტემატიზირებულ იქნა ინფორმაცია ქ. თბილისის სახელმწიფო დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონებში არსებულ ურბანულ ქსოვილზე. უძრავ ძეგლებზე და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე მომზადდა კანონმდებლობით დადგენილი სააღრიცხვო ბარათები. დამუშავდა და შეივსო საველე ბარათის ფორმა დამცავი ზონების ფარგლებში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობასა და თავისუფალ ნაკვეთებზე. შეიქმნა თემატური რუკების ციფრული და მყარი ვერსიები, რომლებიც დამუშავდა უახლესი, 2005 წლის აეროგადაღების საფუძველზე. ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში განთავსება მოხდა გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენებით, რის შედეგადაც შეიქმნა ტექსტური და კარტოგრაფიული მონაცემების სინთეზის, ინფორმაციის მარტივი მოხმარების, დამუშავებისა და განახლების უნიკალური საშუალება. დაფარვითი ინვენტარიზაციის ფარგლებში ჩატარებულმა სამუშაომ შექმნა ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვისა და რეაბილიტაციის ინსტრუმენტების შემდგომი დამუშავების საფუძველი და ნიმუში საქართველოს სხვა ისტორიულ ქალაქებში მსგავსი სამუშაოების ჩატარებისათვის.


ქ. თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავება

თბილისის ისტორიული ნაწილი უდიდესი ისტორიულ-ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირებულების გამო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის ნომინირებული ძეგლია, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ისტორიულ-კულტურული რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების ინსტრუმენტის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნას. სახელმწიფო დღემდე არ ფლობდა თბილისის ისტორიული ნაწილის მართვის ისეთ მრავალდისციპლინარულ, კომპლექსურ დოკუმენტს, როგორიცაა «ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა». მსოფლიოს ისტორიულ ქალაქების შესახებ მსგავსი დოკუმენტები სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ცნობილია, როგორც ე.წ. დაცვის გეგმები (შაფეგუარდ პლანს). სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, გეოსაინფორმაციო სისტემის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა აღნიშნული გეგმის შექმნა. იგი მოიცავს ინფორმაციას:

ა) თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტებზე, მათ ისტორიულ-კულტურულ მახასიათებლებზე;

ბ) განაშენიანების მორფოლოგიაზე, შენობა-ნაგებობათა ზღვრულ სიმაღლეზე და მხატვრულ-არქიტექტურულ ფასეულობაზე;

გ) ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპებზე და სხვ. ისტორიული-კულტურული საყრდენი გეგმა ასევე მოიცავს ანალიტიკურ მასალას თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს შესახებ, ძეგლთა დაცვის, რეაბილიტაცია-ადაპტაციის და ისტორიული უბნების განვითარების მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს.


ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმების შემუშავება

ქ. ბათუმი, საქართველოს უმნიშვნელოვანესი საპორტო, სასაზღვრო, კულტურული, სავაჭრო და ტურისტული ცენტრია. იგი მდიდარია სამოქალაქო და საკულტო არქიტექტურის, ისტორიული, საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლებით, მაღალი კულტურული ფასეულობის მქონე ფონური განაშენიანებით, უნიკალური ქალაქგეგმარებითი სტრუქტურითა და ცალკეული შენობა-ნაგებობებით, რომლებიც ერთობლივად ქმნიან ქ. ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებულ თვითმყოფად სახეს. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ბათუმი ვითარდება როგორც საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკური, ადმინისტრაციული, კულტურული და სარეკრეაციო ცენტრი. მას გააჩნია ძლიერი ურბანული პოტენციალი და ამ პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. კულტურული მემკვიდრეობის რესურესების მართვის თანამედროვე ინსტრუმენტის, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის, შემუშავება დღევანდელი ბათუმისთვის უაღრესად აქტუალურია. სწორედ ამ მიზნით 2006 წელს სამინისტროს მიერ მომზადდა პროექტი ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბათუმის როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო სამსახურების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას ამ მიმართულებით, ისე ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავება-განხორციელებასა და საინვესტიციო პროექტების ამოქმედებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას.

[რედაქტირება] კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენა;

ისტორიული ქალაქების, არქეოლოგიური არეალებისა და ისტორიული ლანდშაფტების დამცავი ზონების დადგენა სამინისტროსათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის სწორედ ეს ობიექტები წარმოადგენენ საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე დასახლებების განვითარების ქრონოლოგიას და სპეციფიკურ ბუნებრივ გარემოში ადამიანის ტრადიციული საქმიანობის შედეგს, ხასიათდებიან უძრავი ძეგლების მაღალი კონცენტრაციით, უნიკალურ ქუჩათა ქსელით, განაშენიანების სტრუქტურით და სხვ. სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს ისტორიულ ქალაქებს, უნიკალურ ძეგლთა კომპლექსებს, არქეოლოგიურ ძეგლებსა და ისტორიულ ლანდშაფტებს არ გააჩნდათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები. ის ნორმატიული აქტები კი, რომლებიც აღნიშნულ საკითხს წარსულში არეგულირებდა დღეისათვის ძალადაკარგულია და აღარ მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში მომზადდა საქართველოს ისტორიული ქალაქებისა და არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების, უნიკალურ ძეგლთა კომპლექსების კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების პროექტები, რომლებიც ლეგალიზაციის შემდგომ, საფუძვლად დაედება ამ ტერიტორიებზე განთავსებული ძეგლების კონსერვაციას, რეაბილიტაციას და ადეკვატურ განვითარებას. აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და საუკეთესო სპეციალისტების ჩართვის მიზნით, სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი თემაზე «კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენა», რომლის ფარგლებშიც განხორციელდა და დადგინდა:

1. ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა;

2. სიღნაღის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა;

3. თელავის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა;

4. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა.


არქეოლოგიური ზონები

1. ქ.თბილისის და ქ. მცხეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური დამცავი ზონების დადგენა;

2. ალაზნის ველის ყორღანებისა და ნამოსახლარების არქეოლოგიური დამცავი ზონების დადგენა.


ისტორიული არეალების

1. ვარძია-ხერთვისი-ოლოდასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული უძრავი ძეგლებისთვის

2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენა.


ქალაქები

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენა მნიშვნელოვანი წინაპირობაა მათ ფარგლებში მოქცეული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ადეკვატური დაცვის, შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ მოხდა ქალაქების ისტორიული განაშენიანების საზღვრებში არსებული კულტურული ფასეულობის მქონე ურბანული ქსოვილის, ქუჩათა ქსელის, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტებისა და კულტურული ფენების, საპროექტო დაცვითი ზონების აღწერა-სისტემატიზაცია. განისაზღვრა თითოეული დაცვითი ზონისათვის შესაბამისი რეჟიმები. აგრეთვე მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების, მათ შორის უძრავი ძეგლების და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გადამოწმება, მათი მისამართების დაზუსტება, არსებული ძეგლთა ნუსხების ანალიზი. გეორეფერენსირებულ რუკაზე დატანილ იქნა დაცვითი ზონების საზღვრები. მონაცემები დამუშავდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად აისახოს ცვლილებები მონაცემთა ბაზაში და, შესაბამისად, ზონირების რუკებზეც.


არქეოლოგიური ზონები

კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური დამცავი ზონების პროექტი მომზადდა:

— ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რ-ნში, სანდრო ეულის ქუჩაზე, გვიანანტიკური ხანის სამარხების გავრცელების ტერიტორიებზე;

— ალაზნის ველის ყორღანებისა და ნამოსახლარების, IV—I ათასწლეულის ადრებრინჯაოსა და ანტიკური ხანის პერიოდის ტერიტორიებზე;

— თბილისი-მცხეთის მთავარ საავტომობილო გზასთან, თბილისის არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარედ გაშლილ «თრელიგორების» სახელით ცნობილ გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ფიქსირდება, ასევე, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ობიექტები; დიღმის ველზე, დიდი დიღმის დასახლების IV მიკრორაიონის ტერიტორიაზე ნამგალა მიწებსა და საჯოგეს ნასახლარზე, რომელიც წარმოადგენს მთელ ამიერკავკასიაში უძველესი ქალაქური ტიპის დასახლებას (გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდი). ნამგალა მიწის ყორღანული ველი მდებარეობს დიღმის ველზე საჯოგეს ნასახლარის სიახლოვეს. თრელების სამაროვნის ჩრდილო-დასავლეთით პირდაპირ ხაზზე, მისგან დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე. ნამგალა მიწის ყორღანული ველი განეკუთვნება შუაბრინჯაოს ხანის ადრეულ პერიოდს.

— ქოშიგორა-ნაქულბაქევის ნასახლარის ტერიტორიაზე, რომელიც განლაგებულია საქართველოს სამხედრო გზის (მცხეთა-თბილისის მთავარი საავტომობილო მაგისტრალი) მარცხენა მხარეს. სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ჩრდილო-დასავლეთით აღმართულ გორაზე. იგი განეკუთვნება ადრეფეოდალურ პერიოდს.

არქეოლოგიური ძეგლების დამცავი ზონების დადგენასთან დაკავშირებული პროექტების ფარგლებში ჩატარდა კვლევითი სამუშაოები. მოხდა არქეოლოგიური საპროექტო დამცავი ზონის საზღვრების გავრცელების არეალების დადგენა და არქეოლოგიური დამცავი ზონის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. არქეოლოგიური ძეგლების დამცავი ზონების დადგენა უზრუნველყოფს არქეოლოგიური ობიექტებისა და კულტურული ფენების შენარჩუნებასა და მათ ადექვატურ დაცვას.


ისტორიული არეალები

მტკვრის აუზში, ვარძია-ხერთვისი-ოლოდას არქიტექტურულ-ლანდშაფტური კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები. მათ შორისაა ისეთი უნიკალური ნიმუშები როგორიცაა: ვარძია, წუნდა, ვანის ქვაბები, თმოგვის ციხე და ნაქალაქარი, ხერთვისი, ნავარძიევი, ჭაჭკარი, ზემო ვარძია, გელსუნდა, ოლოდა და სხვ. 2006 წელს ტენდერის ფარგლებში სამინისტროს მიერ დასრულდა ვარძია-ხერთვისი-ოლოდას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული უძრავი ძეგლებისათვის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების პროექტის მომზადება. სამუშაოების მიმდინარეობისას დაზუსტდა ტერიტორიაზე არსებული უძრავი ძეგლების ნუსხა, შედგა უძრავ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, დადგინდა არქეოლოგიური ობიექტების გავრცელების არეალები და უძრავი ძეგლების საზღვრები. სამუშაოების მსვლელობისას, ასევე, მომზადდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ტერიტორიების მართვისა და გამოყენების რეჟიმები. 2006 წლის ივლისში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებთ (#3/225/ 31-1/616) დამტკიცდა აჭარაში მდებარე, გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსისა და, აგრეთვე, ქვემო ქართლში, დაბა საყდრისში აღმოჩენილი უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონები.

— გონიო-აფსაროსის ნაქალაქარი, თავისი ისტორიული და მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. წლების მანძილზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისა და დაზვერვითი სამუშაოების, მათ შორის გერმანელი სპეციალისტების მიერ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით მიღებული შედეგებითა და წერილობით წყაროებში დაცული ინფორმაციით დასტურდება, რომ ძვ. წ. VIII—VII საუკუნეებიდან მოყოლებული, გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე არსებობდა უნიკალური ქალაქური ტიპის დასახლება, ხოლო რომაულ ხანაში და განსაკუთრებით ჩვ. წ. I—III საუკუნეებში, თითქმის მთელი სამასი წლის მანძილზე აქ ფუნქციონირებდა მასშტაბური ქალაქი, ქალაქური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით, მოედნებით, ქუჩებით, კვარტლებით, ძველი დაგეგმარებისა და განაშენიანების ნაშთებით, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემებით, იპოდრომით, თეატრით და, რაც არქეოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა, 300 წლის მანძილზე მოქმედი სამაროვნებით. უნიკალური ძეგლისა და მისი განამარხებული ნაწილის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ტერიტორიის შემდგომი გამოყენებისა და განვითარებისათვის.

— ქვემო ქართლში, დაბა საყდრისში აღმოჩენილი სამთამადნო წარმოების არქეოლოგიური ძეგლი ოქროს მოპოვების ერთადერთი უძველესი სამთამადნო ნიმუშია მთელს მსოფლიოში. გერმანიაში, ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში, რადიონახშირბადის მეთოდით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, იგი ძვ. წ. 3018 — 2929 წლებით თარიღდება. აღნიშნულ კომპლექსში ქვის იარაღებისა და კერამიკის შემცველი მნიშვნელოვანი ფენის გარდა, გამოვლენილია გამონამუშევართა მთელი სისტემა. იგი მთის ზედაპირიდან დაახლოებით 70 მ. სიღრმეზეა ხელოვნურად გათხრილი, სწორედ აქედან მოიპოვებდნენ 5000 წლის წინ ოქროს მადანს.

2006 წლის ოქტომბერში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (## 3/471 / 1-1/1243) დამტკიცდა ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები 1994 წლიდან ქ. მცხეთა და მისი შემოგარენი, მათ შორის ჯვრის მონასტერი და მიმდებარე ტერიტორიები შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ამ უმნიშვნელოვანესი აქტით საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ქ. მცხეთის გამორჩეული, ზოგადსაკაცობრიო კულტურული მნიშვნელობა. 2005—2006 წლებში კულტურის სამინისტროს მიერ მომზადდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს უძველესი ქალაქის — მცხეთის ტერიტორიაზე არსებული, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენას. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (##3/471 / 1-1/1243) 2006 წლის 31 ოქტომბერს, ძალაში შევიდა ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები.


ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სისტემა მოიცავს:

1. უძრავი ძეგლების დაცვის ზონას;

2. განაშენიანების რეგულირების ზონას;

3. ლანდშაფტის დაცვის ზონას;

4. არქეოლოგიური დაცვის ზონას.

ამგვარი დოკუმენტი მნიშვნელოვანია ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-რეკრიაციული პოტენციალის შესაბამისად გამოყენებისა და განვითარებისათვის.

[რედაქტირება] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ინვენტარიზაცია;

კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი სისტემატურად აწარმოებს უძრავ ძეგლთა ნუსხების შევსებას. ძეგლთა დაცვის ერთ-ერთ უპირველეს საშუალებას წარმოადგენს ძეგლთა აღრიცხვა მათი სახელმწიფო რეესტრში გატარების მიზნით, რაც ამ შენობა-ნაგებობებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონით დადგენილ ფარგლებში აქცევს. უძრავ ძეგლთა ინვენტარიზაციის მიმართულებით სამინისტრომ ჩაატარა ორეტაპიანი ღია ტენდერი ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვაზე, თემაზე — «საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების ინვენტარიზაცია», რომლის ფარგლებშიც ჩატარდა:


გორის

ქ. გორის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების, უძრავი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების ინვენტარიზაცია

— შესრულდა ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე სიების იდენტიფიცირება, სულ აღიწერა 62 ობიექტი, მათ შორის 58 ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი;

— გამოვლინდა 5 ახალი შენობა, რომელიც შეყვანილია ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობათა სარეკომენდაციო ნუსხაში;

— თითოეული ობიექტისათვის მოიძებნა საარქივო ტოპომასალა და ტექნიკური პასპორტი;

— მოხდა ნაგებობების დეტალური ფოტოფიქსაცია;

— ტერიტორიის გეორეფერენსირებულ რუკაზე დატანილ იქნა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობა-ნაგებობები.


ბორჯომის

— მოხდა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ შენობათა იდენტიფიცირება არსებულ, 1970-იანი წლების, ნუსხებთან;

— საველე სამუშაოების დროს აღიწერა 64 ობიექტი;

— ქალაქ ბორჯომში უძრავ ძეგლთა ნუსხას, რომელთა რიცხვი 53-ს აღემატებოდა დაემატა 11 ახალი ობიექტი;

— დამუშავდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდები, რის შედეგადაც მოძიებულ იქნა ძეგლების საარქივო ფოტო და გრაფიკული მასალა.


ფოთისა და ქობულეთის

— გადამოწმდა ქალაქების ფოთისა და ქობულეთის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ნაგებობათა ნუსხა: ქ. ფოთი — 62 ობიექტი, ქ. ქობულეთი — 11 ობიექტი;

— ქობულეთის რაიონში აღიწერა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტები;

— უძრავ ძეგლთა და ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობებს შეემატა ოცამდე ახალი შენობა, რომელიც შევიდა სარეკომენდაციო ძეგლთა ნუსხაში;

— პერიოდების მიხედვით მოხდა ძეგლთა სისტემატიზაცია (ნიკო ნიკოლაძისეული პერიოდი, სტალინის პერიოდი);

— ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სტატისტიკა ძეგლთა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ;

— შესწავლილ იქნა საარქივო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დაზუსტდა ძეგლთა აგების თარიღი, ავტორი; მოძიებულ იქნა საარქივო ფოტომასალა.


ყაზბეგის

ყაზბეგის რაიონის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების, უძრავი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების ინვენტარიზაცია

— საველე სამუშაოების შედეგად სულ აღიწერა 80-მდე ობიექტი, მათ შორის 40 (1970-იანი წლების სიის მიხედვით) წარმოადგენს კულტურის უძრავ ძეგლს;

— ინვენტარიზაციის შედეგად დამატებით გამოვლინდა ორმოცი ახალი ობიექტი, რომელთაც გააჩნიათ მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება;

— დაფიქსირდა ძეგლების ზუსტი კოორდინატები და სიმაღლეები ზღვის დონიდან;

— მოხდა აღნიშნული ძეგლების ფოტოფიქსაცია და რუკაზე დატანა.


გორდის

გორდის ბაღსა და მის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების ინვენტარიზაცია

— მომზადდა ტერიტორიის 1:1000 მასშტაბის ტოპოგეგმა, გეორეფერენსირებულ პროგრამაში, რომელზეც დატანილ იქნა არსებული ძეგლები და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტები;

— მოხდა ბაღის ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების და მწვანე საფარის ინვენტარიზაცია (1 473 ნარგავის ჯიშის, სიმაღლის, დიამეტრის, ასაკის დადგენით);

— შედგა უძრავ ძეგლთა პასპორტები;

— მომზადდა ხეივნებისა და ბილიკების სქემა;

— შემუშავდა საპროექტო დამცავი ზონის საზღვრები;

— დამუშავდა საარქივო ფოტო და გრაფიკული მასალა.


მცხეთის

ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების, უძრავი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების ინვენტარიზაცია

— შესრულდა ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე სიების იდენტიფიცირება (2005 წელს სამინისტროს მიერ შედგენილი ნუსხების მიხედვით);

— თითოეული ობიექტისათვის შედგა სააღრიცხვო ბარათი, თანდართული ფოტომასალითა და ბიბლიოგრაფიით; მოხდა ნაგებობათა დეტალური ფოტოფიქსაცია;

— ტერიტორიის გეორეფერენსირებულ რუკაზე დატანილ იქნა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობა-ნაგებობები;

— ზეპირსიტყვიერებაში შემონახული ტოპონიმიკის შესწავლის პარალელურად მოხდა ძველი, სხვადასხვა წყაროებში მოხსენიებული ისტორიული სახელწოდებების გადამოწმება.


პატარა ლიახვის

პატარა ლიახვის აუზში არსებული ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების აღრიცხვა-სისტემატიზაცია

დიდი ლიახვის მუზეუმის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებულმა მოკვლევებმა, არქეოლოგიურმა ექსპედიციებმა და დიდი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის პროექტის განხორციელებამ ცხადყო სამუშაოების გაგრძელებისა და პატარა ლიახვის ხეობის ძეგლთა პასპორტიზაციის აუცილებელობა (მსგავსი ხასიათის მცირემასშტაბიან მცდელობას ადგილი ჰქონდა 1985 წელს). პროექტის განხორციელების შედეგად მოხდა:

— პატარა ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის 105 ძეგლის შესახებ კონკრეტული, დაზუსტებული ინფორმაციის შეკრება;

— პატარა ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის 105 ძეგლის ფოტოფიქსაცია და პასპორტიზაცია თანამედროვე პრაქტიკაში არსებული უახლესი მეთოდებით, რაც გამოყენებული იქნება მონაცემთა ბაზის შექმნისათვის.


მოძრავ ძეგლთა ინვენტარიზაცია

კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა ინვენტარიზაციის პარალელურად მიმდინარეობს მოძრავ ძეგლთა შესწავლა-სისტემატიზაცია, კოლექციათა მდგომარეობის შეფასება და მათი პასპორტიზაცია, რის საფუძველზეც განისაზღვრება არა მარტო კონკრეტული ნიმუშის მხატვრული ღირებულება, არამედ მისი საბაზრო ფასი, რაც სახელოვნებო ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბების რეალურ პირობებს შექმნის. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის იმ უნიკალური ნიმუშების გამოვლენა, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

მუზეუმებისა და მოძრავი ძეგლების სამმართველო და თანამედროვე ქართული ხელოვნების შემსწავლელ ხელოვნებათმცოდნეთაგან შემდგარი კომისია ეტაპობრივად ახორციელებს საქართველოს თეატრების მუზეუმებში დაცული თეატრალურ-დეკორატიული მხატვრობის ნიმუშთა (ესკიზების) აღრიცხვა-პასპორტიზაციას, მათი მოძრავ ძეგლთAა სახელმწიფო რეესტრში გატარების მიზნით. ამჟამად აღრიცხულია კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატუ¬ლი თეატრის მუზეუმში დაცული XX საუკუნის I ნახევრის თეატრალურ-დეკორატიული მხატვრობის უნიკალური ნიმუშები. დამუშავებულია 200-მდე ექსპონატი. მათ შორისაა, რუსეთში, კ. მარჯანიშვილთან XX საუკუნის 10-20-იან წლებში მოღვაწე რუსი მხატვრების მიერ შესრულებული ესკიზები, აგრეთვე 1928 წელს დაარსებულ თეატრში მომუშავე ქართველი მხტვრების (პ. ოცხელი, დ. კაკაბაძე, ელ. ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, მ. შავიშვილი, ი. გამრეკელი, ვ. სიდამონ-ერისთავი და სხვ.) ნამუშევრები. ექსპერტთა მუშაობის პროცესში გამოვლინდა, რომ წლების მანძილზე ადგილი ჰქონდა კერძო პირების მიერ ესკიზების გატანისა და ცალკეულ შემთხვევაში ნამუშევრების ასლებით შეცვლის ფაქტებს, რაც გამოწვეული იყო აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმის არ არსებობით.

[რედაქტირება] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რეაბილიტაციის პროგრამა;

საქართველოს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა ათასწლეულებს ითვლის. მისი დაცვა-შენარჩუნება სადღეისოდ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, უკანასკნელი ათწლეულების პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა ზოგადად კულტურის, მათ შორის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვდა უამრავი პრობლემა, რომელთა კომპლექსური გადაწყვეტაც დროის მცირე მონაკვეთში გახდა აუცილებელი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული პარტნიორია საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი. სამინისტროსა და ფონდის მიერ ერთობლივად იგეგმება და ნაწილდება სარეაბილიტაციო ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები.

2005 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და ძეგლთა რესტავრაცია-კონსერვაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო ერთი მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდა ძეგლთა საპროექტო-კვლევით, არქეოლოგიურ და სარესტავრაციო სამუშაოებს. მსგავსი აქტივობა წელსაც გაგრძელდა — ე.წ. «მილიონიანი პროექტის» მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ანალოგიური სახის სამუშაოები მასშტაბურად განხორციელდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლების რეაბილიტაციისთვის.

[რედაქტირება] სამუზეუმო რეფორმა;

საქართველოს მუზეუმების ვებ-გვერდი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით მომზადდა საქართველოს მუზეუმების ვებ-გვერდი (შემსრულებელი: კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია). ვებ-გვერდი (www.georgianmuseums.ge) მოიცავს: ტექსტუალურ და ვიზუალურ ინფორმაციას საქართველოში არსებული 222 მუზეუმის შესახებ, ქართულ-ინგლისურ ენებზე. ვებ-გვერდის ბმულებია: საქართველოს მუზეუმები (საქართველოს ყველა მუზეუმის ჩამონათვალი და კოორდინატები, საპასპორტო ინფორმაცია საქართველოს ყველა ძირითად მუზეუმზე); სიახლენი (ინფორმაცია საქართველოს მუზეუმებში მიმდინარე სიახლეებზე, გამოფენებზე და სხვა); გალერეა (მდიდარი ფოტოინფორმაცია საქართველოს მუზეუმებში დაცულ შედევრებზე); მუზეუმების სპეციალისტებისათვის (კანონმდებლობა, ICOM — ის მუზეუმების ეთიკური კოდექსი, ინფორმაცია სამუზეუმო სფეროში მიმდინარე სიახლეებზე: სემინარები, თრენინგები, მეთოდოლოგიური გამოცემები, კატალოგები და სხვ.); მუზეუმების კლასიფიკაცია (ინფორმაცია საქართველოს მუზეუმების კლასიფიკაციაზე პროფილის მიხედვით), მსოფლიოს მუზეუმები (ინფორმაცია მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებზე); დღის ფოტო (სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც პერიოდულად შეიცვლება); ვებ-გვერდები (საქართველოს მუზეუმებისა და საერთაშორისო სამუზეუმო ორგანიზაციების ვებ-გვერდების მისამართები).


რეგიონალური მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამა

რეგიონალური მუზეუმების რეაბილიტაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია მუზეუმების მოწყობისა და მართვის ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მათი განვითარების შესაძლებლობას. საქართველოში სხვადასხვა პროფილის ორ ასეულზე მეტი მუზეუმია. სამუზეუმო ცხოვრების გააქტიურების მიმართულებით სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სხვადასხვა პროექტები როგორც თბილისის, ისე რეგიონალური მუზეუმების მხარდასაჭერად. დაფინანსდა, ასევე, მეთოდოლოგიური ხასიათის გამოცემები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს მუზეუმებში რეფორმის გატარებასა და ქვეყნის მუზეუმების გადასვლას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე. მათ შორისაა:


ნიკო ფირისმანიშვილის სახელმწიფო მუზეუმი

სოფელ მირზაანში 1960 წელს დაარსებულ ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ზოგადად, საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. მუზეუმის ფონდებში დაცულია 9600-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფიროსმანაშვილის 14 ნამუშევარი (ორიგინალი), მხატვრის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები და სხვ.

ნიკო ფიროსმანაშვილის მემორიალურ სახლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 1972 წელს ჩაუტარდა. ათეული წლების შედეგ სახლი უკვე ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა აღდგენით სამუშაოებს.

ნიკო ფიროსმანაშვილის მემორიალური სახლის რეაბილიტაციისთვის შესრულდა:

— ხელახლა ამოშენდა და გამაგრდა დაბზარული კედლები;

— შენობის გარშემო მოეწყო საყრდენი კედლები; — მთლიანად გამოიცვალა შენობის გადახურვა; — შეიცვალა და თავიდან დაიგო ხის იატაკი.


დიდი ლიახვის მუზეუმ-ნაკრძალი

უკანასკნელ ათწლეულში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მომხდარმა მოვლენებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა მძიმე ფონი შექმნა რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თვალსაზრისით. ამ ვაკუუმის დასაძლევად შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონში 2005 წელს დაფუძნდა დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ანხორციელებს როგორც სამუზეუმო, ისე ძეგლთა დაცვით პროექტებს.


ევროპული მემკვიდრეობის დღეები

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ინიციატივით ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის «ევროპული მემკვიდრეობის დღეები 2006» ფარგლებში მომზადდა გამოფენა «მეღვინეობის მემკვიდრეობა საქართველოში».

გამოფენა მიზნად ისახავდა მაქსიმალურად სრულად წარმოეჩინა ქართველი ერის ეთნოკულტურული ისტორიის უმნიშვნელოვანესი და საინტერესო მხარე — მევენახეობა-მეღვინეობა. პროექტმა გააერთიანა ამპილოგრაფიის, ღვინის დამზადება-წარმოებისა და საისტორიო მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიღწევებიც.

ექსპოზიციაზე ნაჩვენები იყო არქეოლოგიური და ეთნოლოგიური არტეფაქტები, ღვინის მწარმოებელი და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფილის ფირმების პროდუქცია, ნარატიული და დოკუმენტური საისტორიო მასალა, ფოტო და გრაფიკული ილუსტრაციები. ექსპოზიციამ წარმოაჩინა: მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია საქართველოში და მევენახეობა-მეღვინეობა თანამედროვე საქართველოში.

2007 წლისათვის იგეგმება აღნიშნული საგამოფენო პროექტის განხორციელება საზღვარგარეთ.


ახალი გამოცემები


მცხეთის ურბანული განვითარების ქრონოლოგია

სამინისტროს დაფინანსებით «დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმნაკრძალის» ბაზაზე გამოსაცემად მომზადდა «მცხეთის ურბანული განვითარების ქრონოლოგია (ძვ.წ. VIII—VI საუკუნეებიდან დღემდე)», რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და საზოგადოდ, კავკასიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის უწყვეტი განვითარების ისტორიის კვლევას პროტოქალაქური დასახლებებიდან დღემდე.

წიგნის უმთავრესი მიზანია აჩვენოს დაინტერესებულ მკითხველს თუ როგორ, როდის და რა ვითარებაში ყალიბდებოდა მტკვრისა და არაგვის ხეობაში ის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და რელიგიური ცენტრი, რომელიც ისტორიულ წყაროებში და ოფიციალურ დოკუმენტაციაში საუკუნეების მანძილზე იწოდებოდა «დიდი მცხეთა» «დიდი დედაქალაქი მცხეთა».

ნაშრომში მოცემულია, ასევე, ინფორმაცია მცხეთის, როგორც უმნიშვნელოვანესი სამუზეუმო ცენტრის შესახებ.


კრებული მუზეუმების შესახებ

მუზეუმების რეფორმისა და რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე აუცილებლია სამუზეუმო საქმის მეთოდოლოგიის შემუშავება და შესაბამისი სახელმძღვანელოების, ლიტერატურისა და რეკომენდაციების გამოცემა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სამუზეუმო რეფორმის განხორციელებას და ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე ეტაპობრივად გადასვლის პროცესს.

კრებულში «მუზეუმების შესახებ» წარმოდგენილია: საქართველოს კანონები «კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ», «მუზეუმების შესახებ», «კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ»; ინფორმაცია სამუზეუმო რეფორმის მიმართულებებზე, ICOM-ის «მუზეუმების ეთიკური კოდექსი», ICOM-ის წესდება, პარიზის XI გენერალური სესიის რეკომენდაციები მუზეუმების შესახებ, «ექსპონატების დროებით სარგებლობის წესი» და ხელშეკრულების ფორმები (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ICOM-ის რეკომენდაციები მუზეუმების საერთაშორისო დღისათვის, საერთაშორისო სამუზეუმო ორგანიზაციების კოორდინატები, სამუზეუმო საქმის გამოცდილება ევროპისა (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) და აშშ-ს მაგალითზე, ევროსაბჭოს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობისათვის, სამუზეუმო ექსპონატის პასპორტისა და საპროექტო განაცხადის ფორმები, საქართველოს ყველა მუზეუმის კოორდინატები.


სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა-დაცვის ინსტრუქცია

«სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა-დაცვის ინსტრუქცია» წარმოადგენს სახელმძღვანელოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა-დაცვისა და რესტავრაციის ძირითადი წესებისა და ფორმების შესახებ. ინსტრუქცია განსაზღვრავს სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა-დაცვაზე პასუხისმგებელ პირთა უფლება-მოვალეობებს, ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაციის პირობებს, შეიცავს ინფორმაციას სამუზეუმო ფონდების შემადგენლობასა და სისტემატიზაცია-ინვენტარიზაციაზე, დაცვაზე (აღჭურვილობა, დაცვის, ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის, ბიოლოგიური რეჟიმის, სხვადასხვა მასალის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები). აღნიშნული მასალა წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილებას და მზადდება იურიდიული სტატუსის მისაღებად.


ბარი და გეილ ლორდების სახელმძღვანელო «სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი»

წიგნში დეტალურადაა განხილული სამუზეუმო საქმის მენეჯმენტის მეცნიერული საფუძვლები და პრაქტიკული გამოცდილება, მუზეუმის მართვის ამოცანები, სამუზეუმო ორგანიზაციების სტრუქტურა, სამუზეუმო ფონდების, საექსპოზიციო პროგრამებისა და ფინანსების მართვის მეთოდები, მუზეუმების მუშაკთა მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები. წიგნი მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ სახელმძღვანელოდ მუზეუმების მართვის საკითხებში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის მენეჯმენტის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუზეოლოგიის, ძეგლთა დაცვის, ორგანიზაციის მენეჯმენტის სპეციალობებისა და სამუზეუმო საქმის სპეციალისტთა გადამზადებისათვის.


საქართველოს მუზეუმების გზამკვლევი

აღნიშნულ გამოცემაში თავმოყრილია: ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მუზეუმზე. კერძოდ, მუზეუმის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ტიპი, მისამართი და მდებარეობა, ინფორმაცია ექსპონატთა რაოდენობასა და მნიშვნელოვან კოლექციებზე, ფონდებსა და განყოფილებებზე, მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე — ფერადი ფოტომასალის გამოყენებით, რეგიონების თანდართული რუკითა და სხვა სახის მონაცემებით ქართულ-ინგლისურ ენებზე.

[რედაქტირება] დასავლეთთან ინტეგრაცია და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში;

თანამშრომლობა იუნესკოსა და იკრომთან

2006 წელს მცხეთისა და ქუთაისის ისტორიული ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების პროექტთა ფარგლებში განისაზღვრა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლების (მცხეთის ისტორიული ძეგლები, ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი) დამცავი ზონები, რაც ამ ძეგლთა დაცვას ხარისხობრივად ახალ დონეზე აყენებს. ჩატარდა მცხეთის ძეგლთა სრული ინვენტარიზაცია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ პირველად შეადგინა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლთა კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიშები.

განახლდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანი ძეგლების წინასწარი ეროვნული სია; ძეგლთა რაოდენობა ექვსიდან თექვსმეტამდე გაიზარდა: ვარძია-ხერთვისი, თბილისის ისტორიული უბნები, უფლისციხე, შატილი, მთა-თუშეთი, დავით-გარეჯი, დმანისი, ვანი, ნიკორწმინდა, გრემი, სამთავისი, კვეტერა, ანანური, ალავერდი, კოლხური ტყეები, სათაფლია. დღეისთვის ჯერ არ არსებობს წინასწარ სიაში შეტანილი ძეგლების ადექვატური საინვენტარო დოკუმენტაცია, ამ პრობლემის სრული მოგვარება 2007 წელს არის დაგეგმილი. უახლოესი წლების მანძილზე საქართველო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ახალ ნომინაციებს წარადგენს.

2006 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა მცხეთის ჯვარზე ქვის კონსერვაციის სფეროში ადრე დაწყებული საერთაშორისო პროექტის II ფაზის მომზადებაზე (კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის საერთაშორისო ცენტრის UNESCO-ს საკონსულტაციო ორგანო ICCROM-თან თანამშრომლობით).


ევროსაბჭო

2006 წელს გაგრძელდა აქტიური თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პროგრამის — «ისტორიული ქალაქების მართვა და ინსტიტუციონალური გაუმჯობესება» — ფარგლებში, რაც უშუალოდაა დაკავშირებული თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის საკითხთან. შემუშავდა 2006 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი. 25-28 ივლისს შედგა ევროსაბჭოს ექსპერტთა მისია თბილისში არსებული სიტუაციის ადგილზე გასაცნობად და თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე პროცესების შეფასების მიზნით. ვიზიტის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა სამინისტროს მიერ შესრულებული და დაგეგმილი ღონისძიებები ძველი თბილისის მენეჯმენტის ინსტრუმენტების შემუშავების მიმართულებით. ექსპერტები გაეცნენ 2005—2006 წლებში სამინისტროს მიერ შესრულებული თბილისის ისტორიული ნაწილის დაფარვითი ინვენტარიზაციის მასალებს და თბილისისა და ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმების შემუშავებაზე 2006 წელს გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციას. სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას დაისახა ისტორიული ქალაქების დაცვისა და მენეჯმენტის სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარების ახალი პერსპექტივები და ამ მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

ამავე პროგრამის ფარგლებში, ევროსაბჭოს ინიციატივით, 2006 წლის 21-26 ნოემბერს შედგა სამუშაო შეხვედრა საფრანგეთში, თბილისსა და ბათუმის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა უწყებების, კერძოდ, ქ.თბილისის მერიის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ევროსაბჭოს ექსპერტების მონაწილეობით.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ისტორიული ქალაქებისათვის სათანადო მეთოდოლოგიური და მართვის დოკუმენტების შემუშავებისთვის საფრანგეთის ქალაქების, კერძოდ, პარიზის, ბორდოსა და ბაიონის გამოცდილების გაზიარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიული ქალაქების რეაბილიტაციის პროცესების მართვის საკითხს და ე.წ. დაცვის გეგმების დოკუმენტაციის განხილვას.

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პროგრამის — «ისტორიული ქალაქების მართვა და ინსტიტუციონალური გაუმჯობესება» — ფარგლებში 2006 წლის თანამშრომლობის შედეგები აისახა ევროსაბჭოს ექსპერტების ოფიციალურ რეკომენდაციებში, რომელიც საფუძვლად დაედება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის შემდგომი ეტაპების დაგეგმვას.

2005 წ. სექტემბერში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვას კულტურის მინისტრთა მიერ ქ. კიევში მიღებული დეკლარაციის საფუძველზე 2006 წ. იანვარში ევროპის საბჭოსთან ერთობლივად დაიწყო მუშაობა ახალ ოთხწლიან პროგრამაზე კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროში. პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება `კიევის ინიციატივა, დემოკრატიის მხარდაჭერა კულტურის მეშვეობით" და აერთიანებს ზემო ჩამოთვლილ ხუთ სახელმწიფოს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. პროგრამის პრიორიტეტებია:

— კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროებში შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება;

— ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ლეგალური და მართვის ინსტრუმენტების გაუმჯობესება;

— ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება;

— ძეგლთა ინვენტარიზაცია და თანამედროვე საინფორმაციო სისტემების დანერგვა;

— კონსერვაციის თანამედროვე ტექნოლოგიების დარგში სპეციალისტთა თრეინინგი;

— საით-მენეჯერების თრეინინგი;

— კულტურული ტურიზმი;

— კინოინდუსტრიის რეფორმირება და რესტრუქტუირება.

«კიევის ინიციატივის» ოფიციალური გახსნა შედგა 2006 წ. 15 დეკემბერს მონაწილე ქვეყნების კულტურის მინისტრთა კონფერენციაზე ქ. ბუქარესტში. 2007 წ. კიევის ინიციატივის მინისტერიალი და დონორთა კონფერენცია ჩატარდება საქართველოში, ქ. ბათუმში.


ქართული ხელოვნების საერთაშორისო სემინარი

კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო მასშტაბით ქართული კულტურის პოპულარიზაცია და კავშირების დამყარება წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მაქს პლანკის ინსტიტუტი (ფლორენცია).

2006 წლის 30 სექტემბერს სამინისტროსა და ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობას რესტავრაციისა და კონსერვაციის დარგში.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე მაქს პლანკის ინსტიტუტისა (მ. ანგარი, მ. ბაჩი, ბ. ფრიკე, ა. ფორმანი, ვ. კემპი, ე. მაიან-ფანარი, დ. მაიანი, კ. მიულერი, ბ. შელევალდი, გ. ვოლფი) და გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სემინარი. სემინარის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, ასევე, გაეცნნენ ქართული ხუროთმოძვრების ძეგლებს მცხეთაში, სამთავისში, ყინწვისში, ტიმოთესუბანში, ბორჯომში, ვარძიაში, ქუთაისში, გელათში, ატენსა და დავით გარეჯში.

სემინარის ფარგლებში მოეწყო ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისადმი მიძღვნილი გამოფენ